საჩხერეში სასულიერო სკოლის 17 წლის მოსწავლე სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. მოსწავლე ჩამომხრჩვალი საკუთარის სახლის სარდაფში იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლის მეთორმეტე კლასში სწავლობდა.
როგორც სკოლის დირექტორი, ნარგიზ გაბაძე “რეგიონულ კვირას” უყვება, მოსწავლისთვის რაიმე განსაკუთრებული არ შეუმჩნევია და თანატოლების მხრიდან მოზარდის მიმართ ჩაგვრის საკითხს გამორიცხავს.
“ჩვეულებრივი ბავშვი იყო. საშუალოდ სწავლობდა. საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრშიც იყო. დადიოდა ვოკალზეც”,- ამბობს ნარგიზ გაბაძე.
17 წლის მოზარდი სასულიერო პირის შვილია. მას 6 და ძმა ჰყავს.
რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი გამოძიება დაადგენს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.