კახა კალაძე: ილია ჯიშკარიანის მიმართ ეს მძიმე ბრალდებაა, ამას სჭირდება მტკიცებულებები
“მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ეს დადასტურდება, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება ყველასთვის.
„წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. მას ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს.
მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და დაველოდოთ.
თუ ვინმეს დანაშაული აქვს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა ეს, ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.