ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ლიპარტია, რწმუნებულის მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ამჟამად, დაბა წაღვერის კულტურის სახლში მასშტაბური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობაში იცვლება: გარე ფასადი, საკონცერტო დარბაზი, შიდა ინტერიერი, ასევე გათბობის სისტემა მონტაჟდება და ყველა ოთახს სრული რემონტი უტარდება. თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა ბაკურიანში სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, დიდველზე მოწყობილი საპარკინგე ადგილი და ბაკურიანის 3 კმ სიგრძის შემოვლითი გზის დასრულებული პროექტიც მოინახულეს. აღნიშნული პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. პროექტები სოფელ ტბაზეც აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ამბულატორიის ახალი შენობა შენდება. პარალელურად ეწყობა რკინა-ბეტონის საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ცემში კი სკვერის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ხნის წინ დასრულდა, სკვერი თანამედროვე დიზაინით გაკეთდა და საკურორტო სოფელს კიდევ ერთი დასასვენებელი და გასართობი ადგილი შეემატა.