ზაზა ჩინჩალაძე: არავის ვუცემივარ, გაუგებრობა იყო და ახლა ყველაფერი მოგვარდა
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ჭიათურის პოლიციის უფროსმა, ფილიმონ აბრამიშვილმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სცემეს და ძალის გამოყენებით პოლიციაში გადაიყვანეს, თავად მაღაროელი ზაზა ჩინჩალაძე არ ადასტურებს. ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე “რეგიონული კვირა” ზაზა ჩინჩალაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე საათის წინ მომხდარის დეტალები გაარკვია.
ზაზა ჩინჩალაძის თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
“უბრალოდ, პატარა გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი კარგად არის ახლა. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. დაახლოებით 11-12 საათისთვის მოხდა ინციდენტი, თუ არ ვცდები. რაღაც დაიკარგა სამსახურში და იმას ვეძებდით, ვარკვევდით რა და როგორ მოხდა და მაგ დროს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, მეტი არაფერი”, – ამბობს ზაზა ჩინჩალაძე.
მისი დეიდაშვილი – გოჩა ბრეგვაძე ჩინჩალაძის ნაამბობს ადასტურებს და “რეგიონულ კვირასთან” ყვება, რომ მედიით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
“არანაირი ცემა არ ყოფილა. ინციდენტი მოხდა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ენას ძვალი არ აქვს და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის და დაწერს”, – ამბობს გოჩა ბრეგვაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ჭიათურის მაღაროს ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზაზა ჩინჩალაძე პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.