“ღია შეხვედრების” ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო
პროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო. ნოემბრიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საბავშვო ბაღში სწავლას სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს. ბაღში მხოლოდ 39 აღსაზრდელი ირიცხებოდა ნოემბრიდან მათ კიდევ 25 ბავშვი შეემატებათ. ახალი ჯგუფის მიღება ბაღში დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 343 ლარი გამოიყო.
სოფელ ახალი საყულიის ბაღის დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროექტის, “ღია შეხვედრების” დროს მიაწოდეს. ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ივლისში დაიწყო და ამ დრომდე, 300-ზე მეტ სოფელში შედგა.