ოჯახი ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის, რომელმაც საკანში თავი ჩამოიხრჩო, ცხედრის გადმოსვენებას ელოდება
ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გ.წ.-მ წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას “კვირასთან” გარდაცვლილის მეზობლები ადასტურებენ. გარდაცვლილის ცხედარი ამ წუთებში, ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ბრალდებული ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების სამარტოო საკანში ჩამომხრჩვალი დღეს იპოვეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სადაც ბრალდებული მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა, ამ წუთებში, მეუღლის ნათესავები, მეზობლები იკრიბებიან და ცხედარის ჩამოსვენებას ელოდებიან.
გ.წ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს, ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გ.წ.-მ დანაშაული აღიარა.
სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა.
“2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.
დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.
მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”,- ნათქვამია განცხადებაში.