ახმეტაში წმინდა მოწამეების ბიძინა ჩოლოყაშვილისა და შალვა, ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღესთან დაკავშირებით დოღი გაიმართა

წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და შალვა, ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში დოღი გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 20-მდე მხედარი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრში გამარჯვებული ახმეტაში მცხოვრები, ხვთისო აბელაშვილი გახდა, რომლის სახელი და გვარი მეფის, ერეკლე მეორის ხმალზე ამოტვიფრეს. აღნიშნული ხმალი მეუფე დავითმა და მხედრებმა სპეციალურად ამ დღისთვის ჩაიტანეს ახმეტაში.

“ეს ხმალი როგორც სიმბოლო ღირსებისა ისე გვინდოდა გამარჯვებულისთვის მიგვეცა, რადგან მხედარი და მხედრობა ეს არ არის მხოლოდ სპორტული ჟინი და ინტერესი. ვფიქრობ, რომ თითოეული სპორტსმენი, ვინც საცხენოსნო სპორტს მისდევს, თავის თავში ატარებს ამ სულისკვეთებას”,- აღნიშნა მეუფე დავითმა(მახარაძე).

დოღში გამარჯვებულმა დღესასწაული მთელ საქართველოს მიულოცა

“მოხარული ვარ, რომ 4 კილომეტრიანი მარულა მოვიგე. ამ გამარჯვებას ახმეტის კლუბ “ჯარჯიას” ვუძღვნი”, – აღნიშნა აბელაშვილმა.

დღესასწაულის მნიშვნელობაზე სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, ახმეტაში დოღის და იპოდრომის ინფრასტრუქტურის მეტად განვითარებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

“ვმუშაობთ რომ კარგი დოღის და იპოდრომის ინფრასტრუქტურა გაკეთდეს და ეს ღონისძიება გახდეს მიზიდულობის წერტილი დოღის დიდი ღონისძიებების ჩატარების”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები