ბათუმი ფრანების ფესტივალს მასპინძლობს (ფოტოკოლაჟი)

ბათუმის სანაპიროზე ფრანების ფესტივალი გაიმართა. გიგანტური ფრანების გასაშვებად ღონისძიების ორგანიზატორები უნალექო ამინდს ელოდებოდნენ. ულამაზესი სანახაობის გარდა, სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასში მიეღოთ მონაწილეობა – ადგილზევე იქმნებოდა სპეციალურად მათთვის დამზადებული ფრანები.
“ფესტივალი ბათუმში მეორე წელია იმართება, შარშან იყო სატესტო რეჟიმში, წელს კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი, აქ როგორც დიდი ასაკის მქონე, ასევე ბავშვიც სიამოვნებას მიიღებს. ფრანი თავისუფლებასთან ასოცირდება. სანახაობა ზღვისპირა ქალაქში განსაკუთრებით ლამაზია. 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დაინტერესებული ჩვენი ივენთით, რაც ძალიან მახარებს. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რათა ფრანის გაშვებისას აუცილებელია მზიანი და ცოტა ქარიანი ამინდი. მსგავსი ფესტივალი საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ტარდება, რომელიც იქ პოპულარობით სარგებლობს, სპეციალურად ამ დღისთვის ჩადიან ტურისტები და არ ტოვებენ სანახაობას. იმედი მაქვს მსგავსი დაინტერესება საზოგადოების მხრიდან ჩვენთანაც იქნება და ზაფხულის სეზონს ბათუმის სანაპიროზე გიგანტური ფრანების მეშვეობით გავაცილებთ“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, ლაშა კუბლაძემ
ფესტივალი პროექტის – “შენი იდეა ბათუმს“, ფარგლებში იმართება. ადგილობრივებმა აღნიშნული ფესტივალი ხმის მიცემის გზით თავად შეარჩიეს. პროექტი გრძელდება და 2020 წლისთვის იდეების მიღება დაანონსდება. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ფესტივალი ბათუმის სანაპიროზე დღეს 14:00 საათიდან საღამომდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები