გორის მუნიციპალიტეტში 27 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მერიამ ერთჯერადად, 1000 ლარი გადასცა
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 27 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადი 1000 ლარიანი დახმარება გაუწია. საუბარია ისეთ არასრულწლოვნებზე , რომელთა მშობლებიც დაღუპულია ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდული აქვთ მშობლების უფლება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხლაძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბავშვების დასახმარებლად, ყოველწლიურად, 30 000 ლარია გათვალისწინებული.
“უკვე 5 წელია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო, მშობლები არ ჰყავთ მერია 1000 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას უწევს. ენეფიციარზე თანხის გაცემა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხდება. მიმდინარე წელს, ჩვენ უკვე დავეხმარეთ 27 ბავშვს და კიდევ გათვალისწინებულია 3 უდედმამო ბავშვის დახმარება თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ გავზარდოთ ბენეფიციართა რიცხვი“, განაცხადა დავით ჩიხლაძემ.