ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვითარებას გაეცნენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი – როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – მამუკა მელიქიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საყუდაბელში, ორგორაში, ძველსა და ჭობარეთში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
სოფელ საყუდაბელში სასმელი წყლის სისტემას და სანიაღვრე არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სოფელ ორგორაში სარწყავი წყლის სისტემა და სასმელი წყლის სათავე რეაბილიტირდა. სოფელ ძველში კი საჯარო სკოლის სველ წერტილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თავშეყრის ადგილი აშენდა. სოფელ ჭობარეთში სასმელი წყლის მაგისტრალი, თავშეყრის ადგილი და ამბულატორია რეაბილიტირდა.