ბათუმში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის საჯარო განხილვაც დღეს ბათუმში გაიმართა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება. განხილვას სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის პირველი ნაწილი, ძირითადად, პრეზენტაციის რეჟიმში წარიმართა, მმართველმა გუნდმა შეკრებილებს იმ ცვლილებების შესახებ აცნობა, რომელიც კონსტიტუციაშია დაგეგმილი. წარმოდგენილი იყო ორი მიმართულება, პირველი რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს – ეს არის ბლოკების გარეშე არჩევნების ჩატარება და მეორე, 3%-იანი ბარიერი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ემხრობიან.
ოპოზიციურ პარტიებს სურთ, რომ წინასაარჩევნოდ ბლოკებში გაერთიანდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის პირველ ნაწილში პროპორციული სისტემის მოდელის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა დამტკიცდა, მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
“ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი და ახალგაზრდების მოთხოვნა, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან გამართული კონსულტაციები და ვცვლით პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღს და ის 2024 წლის ნაცვლად ჩატარდება 2020-ში, ნულოვანი ბარიერით. ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყანა ევროპულ, პოლიტიკურ კულტურაზე გადადის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.
“პირველი ეტაპი გახლდათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერით, რომ საზოგადოებისთვის და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უნდა შეგვეთავაზებინა პროპორციული საარჩევნო სისტემა და მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იქნას გათვალისწინებული. რაც შეეხება აჭარას, იცით, რომ შედგა შესაბამისი შეხვედრები, ასევე შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი”, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
საკონსტიტუციო კანონის პროექტის საჯარო განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, განსხვავებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებისგან.
სხდომის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.