ოზურგეთის ხელოვნების ცენტრში გურამ ღლონტის პერსონალური გამოფენა და ცენტრის სიმბოლური “ოქროს პალიტრა” გაიხსნა
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ოზურგეთელი მხატვრის, გურამ ღლონტის პერსონალური გამოფენა და ცენტრის სიმბოლური “ოქროს პალიტრა” გაიხსნა. გურამ ღლონტი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი გახლდათ, ასევე გრაფიკოსი და ფერმწერი. “ოქროს პალიტრა” გალერეის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც მეექვსედ განხორციელდა.
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თავართქილაძის განცხადებით, გურამ ღლონტი დაზგური გრაფიკის ჭეშმარიტი წარმომადგენელია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში გურამ ღლონტის სახელობითი ოქროს პალიტრა და გამოფენა გაიხსნა. ეს ჩვენი პროექტია, რომელიც უკვე მერვე წელია მიმდინარეობს. მიხარია, რომ ის დაზგური გრაფიკის ჭეშმარიტი წარმომადგენელია. სამწუხაროდ, გურამი დღეს ჩვენს გვერდით აღარაა, თუმცა მისი სული ალბათ აქ ტრიალებს, ამ კედლებში“,- განაცხადა ავთანდილ თავართქილაძემ.
გამოფენის გახსნას გურამ ღლონტის ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენა ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.