“ძმებო, თქვენ გვერდით გვიგულეთ” – გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას მაღაროელები და მეტალურგები უცხადებენ
ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს, რომლებიც კუთვნილი ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თანხის დროულად ვერ მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ხვალ ქალაქში ბაღები, სკოლები და მაღაზიები დაიკეტოს და მათ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, სოლიდარობას მაღაროელები და მეტალურგები უცხადებენ და შესაბამის ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
როგორც პაატა სამხარაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ჭიათურის მაღაროს მუშები გაფიცულ მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებენ.
„დღეს შევიტყვეთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები პროტესტს გამოთქვამენ დაგვიანებული ხელფასების გამო, ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ტყიბულელ მეშახტეებს”, – ამბობს, სამხარაძე.
სოლიდარობის აქციას ასევე უერთდებიან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებიც.„თანადგომას ვუცხადებთ მთელი მეტალურგების სახელით, ტყიბულის მეშახტეებს, რადგან ისინი არიან უკიდურეს მდგომარეობაში, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ხელი მიუწვდება, ეს იქნება დამსაქმებელი თუ სახელმწიფო, დროულად გადაჭრან მათი პრობლემები, რადგან მათ უკან დგანან მათი ოჯახები, რომლებიც დამოკიდებულები არიან მათზე“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
კომპანია “საქნახშირი” ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 2018 წლის 16 ივლისიდან აღარ ხორციელდება, რის გამოც კომპანიამ ფინანსური ზარალი მიიღო და ამ ეტაპზე მეშახტეებისთვის ანაზღაურების გადახდას ვერ ახერხებს.
“საქნახშირის” განცხადების მიხედვით, სახელმწიფოსთან ერთად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის შახტებში 30-მდე მეშახტე გაიფიცა. ისინი კუთვნილი ანაზღაურების მიღებასა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენას მოითხოვენ.