“საქართველო ზღაპრული ქვეყანაა” – არაბი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობაზე სტატიებს მოამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ. ჟურნალისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონს წელს პირველად ეწვივნენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ, ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.
არაბი ჟურნალისტები რეგიონში ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩამოვიდნენ.
ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსის, მიხეილ კოპლატაძის თქმით, იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქტივობით არაბული ქვეყნებიდან ტურისტების დაინტერესება გაიზრდება.

“ტრადიციული ბაზრობისა და ევროპული ქვეყნების შემდეგ, მოვიწვიეთ ჟურნალისტები ქუვეითიდან და ემირატებიდან. ასევე გვყავდა ჟურნალისტები საუდის არაბეთიდან. ხაზი მინდა გავუსვათ რომ, არაბული ქვეყნებიდან დიდი არის დაინტერესება, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებითა და ზღვით, ასევე სამზარეულოთი და ტრადიციებით, რაც იმედს გვაძლევს, რომ გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა აღნიშნული ქვეყნებიდან. წლის ბოლომდე გაგრძელდება მსგავსი სახის ღონისძიებები, ასევე წლის განმავლობაში 27 საერთაშორისო ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას. იზრდება ცნობადობა აჭარისა და საქართველოს შესახებ, რაც გარანტიაა მომავალი ეკონომიკური სტაბილურობისა“, – განაცხადა მიხეილ კოპლატაძემ.

ერთ-ერთი არაბი ჟურნალისტი შაფეი ნასრ შაფეი სალმა საქართველოს ზღაპრულ ქვეყანას უწოდებს და არაბული ქვეყნების მოსახლეობას აქ მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
“საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, ძალიან ლამაზი იმ ქვეყნებს შორის სადაც ვყოფილვარ. ბუნება ფანტასტიურია, ვფიქრობ, ყველამ, მათ შორის არაბული ქვეყნებიდანაც უნდა მოინახულოს და პირადად გამოსცადოს ეს ლამაზი რეგიონი. ქართველი ხალხი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით. აქ ბევრი რამეა, რითაც შეიძლება ისიამოვნო“, – აღნიშნავს AI Anba-ს ჟურნალისტი, შაფეი ნასრ შაფეი სალმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები წელს ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ისრაელში, გერმანიასა და მეზობელ ქვეყნებში გამოქვეყნდა. რეგიონში მოგზაურობას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტენი“, „ფორბსი“, Emerging Europe და Travel.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები