აქცია სენაკში – მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა
საპროტესტო აქცია გამართეს სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
სენაკელების თქმით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავმა მძიმეწონიანმა სატვირთო მანქანებმა პრობლემები შეუქმნა მათ საცხოვრებელ სახლებს. ამასთან მაგისტრალზე არ არსებობს ტროტუარი და არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო თვეს სასმელი წყლის გადასახადი 500 და მეტი ლარი მოუვიდათ, რაც 10 ჯერ მეტია წინა თვეების გადასახადთან შედარებით.
აქციის მონაწილეებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა.
მისი თქმით, მომავალ წელს ქალაქის ცენტრალურ მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება. რაც შეეხება მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანის მშენებლობა არ მოხდება.