ხულოში, მეწარმე და ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, “ქალთა ოთახისა” და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მეწარმე და ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, თემაზე – “ფერმერი და მეწარმე ქალები, გამოწვევები და პრობლემები“.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე, აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს, პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ირმა აფხაზავა და აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე წარუძღვნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: რას ნიშნავს იყო ფერმერი/მეწარმე ქალი საქართველოში; რა გამოწვევების წინაშე არიან ქალი ფერმერები/მეწარმეები და რა უშლის ხელს ფერმერ/მეწარმე ქალს ეკონომიკურ გაძლიერებასა და წინსვლაში.
შეხვედრაზე მოწვეულმა ქალბატონებმა საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, საჭიროებებსა და უხილავ ბარიერებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ფერმერული კოოპერატივების შექმნის არსებობის უპირატესობას.
შეხვედრის მიზანია ფერმერული და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ქალების ცნობიერების ამაღლება. ფერმერულ და სამეწარმეო მეურნეობებში მეტი ქალის ჩართულობა და მათი ეკონომიკური გაძლიერება.
შეხვედრის მონაწილეებს “ქალთა ოთახისაგან” სიმბოლურად ბიზნესის შესახებ წიგნები გადაეცათ.