ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვლი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნენ, რაც ძირითადად მოსავლის სარეალიზაციო ბაზრის არარსებობა იყო, ასევე ვადაგასული შხამქიმიკატები და პესტიციდები, რაც მოსავალს არაპროდუქტიულს ხდის.
“სახელმწიფოს შხამქიმიკატების შემოტანაზე აქვს ყურადღება გამახვილებული, რათა მოსახლეობამ მიიღოს ის შხამქიმიკატი, რაც მათ სჭირდებათ. 2019 წლის აპრილიდან კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ის დაწესებულებები სერთიფიცირდებიან, საიდანაც შესაწამლი ნივთიერებების გაყიდვა ხდება. ეს ყველაფერი გამორიცხავს ისეთი წამლის მიწოდებას მომხმარებლისათვის, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. მთლიანობაში შეხვედრები ძალიან საინტერესო იყო. საბედნიეროდ ამ მხარეში მელიორაციის პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული მცირე პრობლემაც კი გადაჭრილი იქნება უახლოეს მომავალში”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
სახელმწიფოს რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, გიორგი ხოჯევანიშვილი კი ამბობ, რომ ადგილობრივებთან პერმანენტულ შეხვედრებზე ყველა პრობლემაზე საუბრობენ და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მათ მოგვარებას.
„ შიდა ქართლში პერმანენტულად მიმდინარეობს სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები. ვესაუბრეთ იმ საკითხებზე რაც მათთვის აქტუალურია და რომლებიც დგას სოფლის დღის წესრიგში. ჩვენ ყველა საჭირო საკითხი მოვინიშნეთ და მაქსიმალურად დროულ რეაგირებას მოვახდენთ ყველაფერზე“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფელ ნიქოზში არსებულ სიტუაციასაც გაეცნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, ამ დროისთვის სოფელში ცხოვრება უსაფრთხოა და ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რათა უკეთეს პირობებში იცხოვრონ.
„აქამდე პრობლემები იყო, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში სოფელში გზები გაკეთდა, ასევე, ქუჩაში განათებაც კი დაგვიყენეს და ამჟამად მიმდინარეობს სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი ფულადი ვაუჩერების სახით აგვინაზღაურდა. სოფელში წლების განმავლობაში გაზი არ გვქონდა პირადად ჩემი სახსრებით შევიყვანე, ახლა სოფელი გაზიფიცირებულია. ეს ფუფუნება ნამდვილად აქამდე არ გვქონია”, – განაცხადა სოფელ ნიქოზის მკიდრმა, ციცო მეშვილდიშვილმა.