წალკის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და მისი კბენის შემთხვევაში. შეხვედრისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”. ​გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები