თორნიკე რიჟვაძე „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამით დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა.

პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 2014 წლიდან ახორციელებს. სტიპენდიების პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროგრამის ბენეფიციარებს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე გამოავლენს.

ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტი სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროსგან არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით გრანტს მიიღებს. პროგრამის ფარგლებში 60 სტუდენტია დაფინანსებული, მათ შორის წელს კონკურსის წესით დაფინანსება 18 აპლიკანტმა მოიპოვა.

პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები