პრეზიდენტი: საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ევროპელ ბიზნესლიდერთა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. მან ფრანგ მეწარმეებს და მიწვეულ სტუმრებს მიმართა და საქართველოს სრული ევროპეიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმს ფრანგული ბიზნესსექტორის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.
„საქართველოს მაგალითი მართლაც რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე.
როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ატარებს.
„მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით ირლანდიის ვიცე-პრემიერი გამოვიდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაეთანხმა, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.
„ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა.