The Wall Street Journal: აშშ უცხო ქვეყნების არჩევნების სამართლიანობის შეფასების პრაქტიკას შეზღუდავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე შეზღუდვებს აწესებს, რითაც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების ხელშეწყობას ემსახურებოდა. გამოცემა The Wall Street Journal-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დირექტივაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მემორანდუმის თანახმად, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერა ხელი, ამერიკის შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სხვა ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის შესახებ კომენტარებისგან, თუ არ იარსებებს მკაფიო და დამაჯერებელი საგარეო პოლიტიკური აუცილებლობა.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით გზავნილები ფოკუსირებული უნდა იყოს გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვაზე და „თავიდან უნდა იყოს აცილებული საარჩევნო პროცესის სამართლიანობასა თუ მთლიანობაზე, მის ლეგიტიმურობაზე, ან მოცემული ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე აზრის გამოთქმა“.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-მა უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნებისთვის მმართველობის ფორმების მოხვევის პრაქტიკაზე და ამ პოლიტიკას „დამანგრეველი ინტერვენცია“ უწოდა.