“დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს” – ამბროლაურში “ფუძეობა” აღინიშნა
ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორული დღესასწაული “ფუძეობა” აღინიშნა. დღესასწაულის მთავარი სლოგანი “დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს” იყო. ფესტივალის ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.
ღონისძიების ფარგლებში რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, სამეწარმეო მარკეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე დააჯილდოეს საპატიო მოქალაქეები და დამსახურებული მოღვაწეები. დღის ბოლოს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ოჯახთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოადგილეები, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ფესტივალი პირველად 1988 წელს რაჭაში ჩატარდა. “ფუძეობა” კომპანია “ჯეოტურისტის” საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.