გორში ავტოპარკის მშენებლობისთვის 1 120 271 ლარი გამოიყოფა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.
საბჭოს სხდომაზე, ქალაქ გორში ავტოპარკის მოწყობის შესახებ იმსჯელეს, რომელის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება. ავტობუსების სადგომის და დამხმარე ნაგებობის მოწყობის პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს.
პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება და მისი ღირებულება 1 120 271 ლარს შეადგენს.
დღევანდელ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე, მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბრეს.
გორის მუნიციპალიტეტისთვის მთის ფონდიდან წელს გამოყოფილი 465 000 ლარიდან – 49% ანუ, 227 100 ლარი უკვე დახარჯულია. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი რეგიონული განვითარების ფონდიდან გორისთვის წელს 13 410 731 ლარი გამოიყო, საიდანაც 5 000 996 ლარი უკვე ათვისებულია. რაც გამოყოფილი თანხის 37%-ს შეადგენს.