ზუგდიდში 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ბინა გადაეცემა
ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, ხოლო შემდგომ კიდევ 660 ოჯახს, რის შედეგადაც დევნილთა 12-მდე ავარიული საცხოვრებელი შენობა დაიხურება.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ასევე იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ. ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილია 180 ბინა, რომელთაგანაც 60 – თბილისში, 60 – ქუთაისში და 60 – ზუგდიდში მდებარეობს.
გიორგაძემ ბრიფინგზე ასევე განმარტა, რომ თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.