კახეთის სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას არსებულ პრობლემებზე ისაუბრა (ფოტო, ვიდეო))
სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში – ირაკლი ქადაგიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – აკაკი საღირაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – კისისხევის, წინანდლის და ნასამხრალის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
სამივე სოფლის მოსახლეობამ შეხვედრაზე ძირითადად გზების მოასფალტების, წყლის გაუმართავი სისტემის და გრაფიკის, სანიაღვრე არხების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნეს, მსგავსი სახის შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს პრობლემების მოსმენა,დახარისხება და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვა.
“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღესდღეობით კახეთის რეგიონში დგას,ეს არის წყალმომარაგების სისტემების შექმნა , გაუმჯობესება და დახვეწა.რომელიც საპროექტო თვალსაზრისით რთული პროექტებია,მაგრამ ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა მოსახლეობისათვის და მიგვაჩნია,რომ ამ მიმართულებით სახელმწოფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის ჩასადები,რომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა ეს პრობლემები იქნას მოგვარებული”, – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარებას.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა,მნიშვნელოვანია მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების საკითხიც,რაშიც სახელმწიფოს დაინტერესებაც და შესაბამისად დახმარებაც მნიშვნელოვანია.
” ხაზი გაესვა მცირე ბიზნესის,მცირე სასტუმროების განვითარების პერსპექტივას რეგიონში,ღვინის ტირიზმის განვითარებასაც და ამ მხრივაც გვქონდა საუბარი,ბუნებრივია მაშინ როდესაც ჩვენ ორიენტირებულები ვართ რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ტურისტი და უცხოელი,შესაბამისი ინფრასტრუქტურა,შესაბამისი სერვისი მათ უნდა დავახვედროთ”, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
ადგილობრივებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები,თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი და თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული. მათი თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები კახეთის რეგიონის მასშტაბით პერიოდულად გაიმართება.