ია კიწმარიშვილი: მე ყველანაირი უფლება მაქვს, მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მისმა სამართალმემკვიდრემ
ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე, გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა, არამხოლოდ “რუსთავი 2-ის” საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს თავისუფალი მედიის განვითარებისთვის, დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ, ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან, რომ მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მისმა სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩემთვის, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. “რუსთავი 2-ის” 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე, პირველ ყოვლისა, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას. ალბათ, ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ აი, ასე, არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ასეთი საჩუქარი. მინდა ვთქვა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მე პირადად აბსურდის თეატრს მაგონებს”, – განაცხადა ია კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. დღეს მას 55 წელი შეუსრულდებოდა.