ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ – შეტყობინება უნივერსიტეტის ფოსტაზე შევიდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ. ნაღმის უნივერსიტეტში არსებობის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 17:50 სთ-ზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.
უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის ინფორმაციით, მსგავსი შეტყობინება რამდენიმე დღის წინაც მიიღეს, თუმცა ნაღმის არსებობა შენობაში არ დადასტურდა.

„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვაუწყეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის უნივერსიტეტიდან შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შენობაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები