გიორგი ცუცქირიძე: ახლა გამოჩნდება, გახდება თუ არა ეს პროცესი ამბიციური ქართველი ბიზნესმენის ვატერლოო

„ახლა გამოჩნდება, გახდება თუ არა ეს პროცესი ამბიციური ქართველი ბიზნესმენის ვატერლოო“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.
მისი თქმით, პროკურატურამ საფუძვლიანად იმუშავა ამ რეზონანსულ საქმეზე და ამ ხნის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ამ საქმეს არ აქვს კავშირი არც „თიბისი“ ბანკთან და არც – ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.
„მიმაჩნია, რომ დღეს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალდებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყებების მხრიდან მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარედგინათ. როგორც ჩანს, რამდენიმე თვის განმავლობაში პროკურატურამ საფუძვლიანად იმუშავა ამ რეზონანსულ საქმეზე. ამ ხნის განმავლობაში კი ნათელი გახდა, რომ ამ საქმეს არ აქვს კავშირი არც „თიბისი“ ბანკთან და არც – ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ბანკი დღემდე აგრძელებს შეუფერხებელ და წარმატებულ საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას არაერთხელ აქვს მტკიცე ნება გამოხატული და ამ თემაზე, ამჯერად, აღარ შევჩერდები.
მე სხვა დროსაც აღვნიშნე, რომ ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემისა და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც „თიბისი“ ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით, რაც შემდგომში, ასევე, დაადასტურა „თიბისის“ აუდიტორულ შეფასებასთან დაკავშირებით დიდი ოთხეულის წევრმა – PWC (პრაის უოთერ ჰაუს კუპერსი). კერძოდ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს „თიბისი ბანკის“ შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებსა და ბანკის დაჯარიმებას ეხება, დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული;
ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ხდებოდა ხაზგასმა და არცთუ შემთხვევით შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისგან თანხის მოთხოვნის უფლება და, ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა. რადგან ღიად რჩებოდა პასუხი მთავარ კითხვაზე – ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა?!
ასევე, გამოჩნდა, რომ ანაკლიის თემაც და ცნობილი „მუქარის წერილიც“, რომლის ექსპერტიზის პასუხიც დღემდე არ გვინახავს, ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფროა, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისთვის; რაც შეეხება ბრალდებას. ბრალდება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა წაყენებული, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ეს არის საკმაოდ მძიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 6-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აქვთ ყველა შესაძლებლობა, დააქირაონ მაღალი დონის ადვოკატები და დაიცვან თავიანთი უფლებები როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო სასამართლოში. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ქართული მართლმსაჯულება თავისუფლად იძლევა საკუთარი პოზიციების წარმოჩენისა და დაცვის საშუალებას. ახლა გამოჩნდება, გახდება თუ არა ეს პროცესი ამბიციური ქართველი ბიზნესმენის ვატერლოო?!“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები