გოგა ხაინდრავა: ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს და ხელაფარებული დადის, მათ ხელზე შავი ლენტი არ მინახავს, როცა ორი ადამიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს
„ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს და ხელაფარებული დადის, მათ ხელზე შავი ლენტი არ მინახავს, როცა ორი ადამიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ დაიცვა კონსტიტუცია, დაიცვა სახელმწიფო, რასაც ვერ პატიობენ.
„ჩემს ფილმშიც არის კადრები, სადაც ვარდების რევოლუციის დროს ხელებაწეული შედიან პარლამენტში და იგივე გაიმეორა მელიამ, მეტი ნიჭი მათ არ აქვთ. მე რასაც ვამბობ, ეს გავლილი და ნანახი მაქვს, გარკვეულწილად მონაწილეც ვიყავი, თუმცა პარლამენტის შენობაში არ შევსულვარ, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. იქ ხელისუფლება აღარ იყო. ძალიან კარგად ვიცი, რატომ ეცვა ჯავშანჟილეტი ყველას, იყო შეიარაღებული ხალხი, იქ იყო ღალატი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ფაქტობრივად, სახელმწიფოს უღალატეს, რაც არ გააკეთა გახარიამ. იმიტომ ვერ პატიობენ, გახარიამ დაიცვა კონსტიტუცია, გახარიამ დაიცვა სახელმწიფო. ის, რომ ადამიანები დაზარალდნენ, ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის მტკივნეულია ის შედეგი, რაც დადგა, მაგრამ გასაკვირი არ არის. ამ პროტესტანტებისგან, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს და ხელაფარებული დადის, მაგათ ხელებზე შავი ლენტები არ მინახავს, როცა ორი ადამიანი მოკლეს და შეაგდეს მაღაზიის თავზე, მე არ მახსოვს პროტესტი. იმ დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი და 15 ივნისს რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენი დასახიჩრდა და რამდენი იწვა საავადმყოფოში – რაღაც, მაშინ არ მახსოვს თვალახვეულები“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.