ყაზბეგში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარეობს სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის სამშენებლო და სოფლების – სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ამბულატორიების რეაბილიტაცია სოფლებში – სიონი, სნო და გორისციხე. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ადმინისტრაციულ შენობას დაბა სტეფანწმინდაში.
„აქტიურად მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები სოფელ ხურთისში, ჭაბურღილის მოწყობა სოფელ ფანშეტში და კობათუბნის ნაპირსამაგრების მშენებლობა სოფელ სიონში. პარალელურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება სოფლებში – გორისციხე, ჯუთა, გველეთი, ხურთისი, არშა, აჩხოტი და ფხელშე“,- აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 7 700 000 ლარს აღემატება.