ნათია თურნავა: გურიაში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგად გაზს 6 000-მდე ოჯახი მიიღებს
„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
მისი თქმით, გურიაში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგად კი 6000-მდე ოჯახი გაზიფიცირება.
„მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით“, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრთან ერთად, გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული – გუბერნატორი ზურაბ ნასარია, საქართველოს პარლამენტის წევრი – ნინო წილოსანი და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი – ჯაბა ხმალაძე.
მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი და 503 კომლს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 391 236 ლარს შეადგენს.