სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს
სამტრედიაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა გააცნეს.
„ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც – ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშს „დუკატო“ დაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშს „დუკატო“ უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატო“ დაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტაზრე 2,8 ტონაა. ის საუკთესო წინამორბედია სიმინდის, სოიოსა და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის.