ომბუდსმენი ხორავას ქუჩის საქმეზე: ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობდით
“სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და, ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესა და ამ საქმის ფარგლებში მიხეილ კალანდიას დაკავების თაობაზე განაცხადა.
“ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა, მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და, ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
მან უშუალოდ მიხეილ კალანდიას დაკავებაც შეაფასა.
“მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და, ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით. სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ – სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.