ლუკა კალანდია: ჩემი ძმა უდანაშაულოა და უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, მაგას ვნახავთ, რა…
„მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ ჭერია. ბიჭი არის უდანაშაულო და უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, მაგას ვნახავთ, რა..“ , – ასე ეხმაურება დათუნა სარალიძის მკვლელობის “საქმესთან” დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ძმა, ლუკა კალანდია, რომელიც “ხორავას ქუჩის საქმესთან” დაკავშირებით დანაშაულის დაფარვის ბრალდებით თავადაც იყო დაკავებული და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ ჭერია. ბიჭი არის უდანაშაულო და უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა ამ ბრალდებით, მაგას ვნახავთ, რა.. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული. წელიწად-ნახევარის შემდეგ რატომ დააკავეს, არ ვიცი. ზაზა სარალიძეს ვკითხოთ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ჩემი ძმა დღეს სასამართლოში მიდიოდა, მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო და გზაზე დააკავეს. მერე ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მიხეილ კალანდია ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა იმიტომ, რომ უდანაშაულოა და არ სჭირდებოდა არაფერი“, – აცხადებს ლუკა კალანდია.
ცნობისათვის, სამართალდამცველებმა დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდია დააკავეს. მიხეილ კალანდია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისა და პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის მეუღლის დის შვილია.
რაც შეეხება ლუკა კალანდიას – იგი მამასთან, თენგიზ კალანდიასთან ერთად ბრალდებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში. ის 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული. ლუკა კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.