უზენაესი მოსამართლეობის მსურველი: პროცესის საჯაროობა დამაბრკოლებელი იქნება იმისათვის, რომ კომიკური კადრები არ მივიღოთ მოსამართლეებად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველს, იურისტ არჩილ ჩოფიკაშვილს მოლოდინი აქვს, რომ მოხვდება იმ 20 კანდიდატს შორის, რომელსაც იუსტიციის საბჭო პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ იურისტმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს – რა თქმა უნდა, მოლოდინები მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასერიოზული იქნებოდა ამ კონკურსში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სიაში უფრო მეტი იურისტი ყოფილიყო, მეტ იურისტს მიეღო კონკურსში მონაწილეობა, ვინაიდან საქართველოში, საბედნიეროდ, არიან საკმაოდ კვალიფიციური იურისტები, რომლებსაც შეუძლიათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ფუნქციები ძალიან ღირსეულად შეასრულონ. თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, ფაქტია, რომ არის ეს რესურსი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს შემდგომი გადაწყვეტილების მიღება.
მე საერთოდ ძალიან ვფრთხილობ, რომ კონკურსში მონაწილე კანდიდატებზე შეფასებები გავაკეთო. ფაქტი ერთია, ყველამ ვიცით, რომ ამ ხალხმა (8 ადამიანი, რომელიც დეკემბერში საბჭომ პარლამენტს წარუდგინა) წინა ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწონება დაიმსახურა. ეს მოცემულობა არის და, ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, ყოველ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს დონეზე, თუმცა, აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს 144 -კაციანი სია არის გარკვეული ზღუდე როგორც საბჭოსთვის, ისე – შემდგომში პარლამენტისთვის, ვინაიდან საბჭოს მოუწევს იმის დასაბუთება და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, თუ რატომ სჯობს ერთ კანდიდატს მეორე კანდიდატი, ან მეორე კანდიდატი რით არის უარესი წინა კანდიდატზე. ამ პროცესის საჯაროობა ერთადერთი ზღუდე იქნება დამაბრკოლებელი იმისათვის, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული და კომიკური კადრები არ მივიღოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა უზენაესი სასამართლო, ფაქტობრივად, ახლიდან ყალიბდება.
„ვიცით, რომ დღეს ძალიან ცოტაა მოსამართლეების რაოდენობა, სისხლის სამართალში ერთი შემადგენლობა ძლივს იკრიბება, 3 მოსამართლე. 20 ახალი მოსამართლის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში ეს იქნება რეალურად ახალი სასამართლო. ასევე, გასათვალისიწინებელია ის წინა ისტორია, რასაც ადგილი ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ყველა იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა მიეღო ამ კონკურში მონაწილეობა. პირველი – ეს მისცემს შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს, რომ ყველაზე უფრო შესაფერისი კადრები შეარჩიოს უზენაეს სასამართლოში; მეორე მხრივ, ეს სია, რომელიც გამოქვეყნდა, რეალურად, არის იმის ლუსტრირება, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, რა რესურსი აქვს ქვეყანას იმისათვის, რომ მართლმსაჯულებას რეფორმა გატარდეს. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება რეალურად იქნება მართლმსაჯულებაში განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა . უზენაეს სასამართლოს ახალი შემადგენლობით, შეუძლია, შეცვალოს მართლმსაჯულების სისტემა, დაამკვიდროს ახალი სტანდარტები, მაღალ დონეზე ასწიოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში“, – განაცხადა იურისტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1-ელ ივნისს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები. რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს – მათი გვარები გვხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა ახალ სიაშიც. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
თამუნა შეყილაძე