ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაზიანის სამხედრო ბაზას სტუმრობდნენ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ექსკურსია გაიმართა. ახალგაზრდებს მასპინძლობა ბაზის ინსტრუქტორებმა გაუწიეს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სტუდენტები ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს ცენტრი, რა სახის მომზადებას გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალები. სტუდენტებმა ნაღმმტყორცნის სიმულატორებიდან საჩვენებელი გასროლა განახორცილეს. ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუმრებს ISAF-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს გასცეს პასუხი.
ღონისძიება ღია სასწავლო უნივერსიტეტის საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი ინტერესისა და ინფორმირების დონის ამაღლებას.