„ეი პი ემ ტერმინალსის“ თემაზე აპელირებით, „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმი საბაბს ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს”

„ეი პი ემ ტერმინალსის“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მამუკა ხაზარაძის გამოხმაურებას, რომ „ანაკლიის პორტი შეჩერების პირასაა“, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში – გიორგი ცუცქირიძე ეხმაურება.
„მიმაჩნია, რომ, ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დროული და სწორი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. რაც მთავარია, ვიგებთ, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით  ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არცერთ მოქმედ წევრთან.
ამასთანავე, ნათია თურნავამ გააკეთა მეტად საყურადღებო მინიშნებაც ანაკლიის მშენებელ კონსორციუმზე. ანაკლიის პროექტს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ გაუგებარია, რას ემსახურება ინვესტორის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები და აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა, ან რატომ მოითხოვს ინვესტორი დაჟინებით სახელმწიფოს მხრიდან რისკების დაზღვევას წმინდა კომერციული კუთხით, რაც სახელმწიფოს ვალდებულება არანაირად  არის! სწორედ ასეთი მიდგომაა მიუღებელი და ეჭვებსაც ეს აჩენს. „ეი პი ემ ტერმინალსის“ თემზე აპელირებით, „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმი საბაბს ხომ არ ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს. ანაკლიის პროექტს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული, კომერციული რისკები დააზღვიოს“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები