მაია ცქიტიშვილი: არაერთი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე შეექმნას
“ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება – მთელს სამთავრობო სტრუქტურებს”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე შეექმნას.
„რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისა და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას – სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც. ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება – მთელს სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!
“დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტსა და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”, – ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.