„ან სტატუს-კვოს შენარჩუნება, ან ერთობლივი ადმინისტრაცია“ – პაატა ზაქარეიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე

კონფლიქტოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი, მოგვარებადი უნდა იყოს, თუმცა მდგომარეობა ჩიხშია შესული. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალი აშკარად ჩანს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულად, ორივე მხარეს ესმის რომ ერთმანეთი სჭირდებათ. შესაბამისად მტრული განწყობები არ არის. ეს ისეთი საკითხია, რომ უნდა გვარდებოდეს ასეთ დროს. უკვე მერამდენედ ხდება მონასტრის ირგვლივ ვნებათაღელვა, ჩემი აზრით, რუსეთმა მესამე ძალამ დაინახა, რომ აქ შეიძლება, შექმნას დესტაბილიზაცია. რუსეთის მთავარი ამოცანა არ არის თემები. რუსეთის მთავარი ამოცანაა შედეგი. შედეგია დესტაბილიზაცია, რაზე იქნება ეს დესტაბილიაცია მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად უნდა ჩანდეს, რომ საქართველოში პრობლემებია, რომ საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა – ამ ტიპის პოლიტიკა აქვთ. რუსეთმა დაინახა, რომ საქართველოში კარგად გორდება ეს ვნებათაღელვა და მოდი ამას გამოვიყენებთო. პატრიარქმაც გააკეთა განცხადება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაღალი დონის პოლიტიკოსიცაა ყველაფერთან ერთად პატრიარქი. მან ვალდებულად ჩათვალა თავის განცხადებაში ელაპარაკა მესამე ძალებზე, ეს სერიოზული განცხადებაა. ამ ფონზე აშკარად ჩანს, რომ ინფორმაცია უფრო მეტია, ვიდრე ჩანს. რუსეთი კარგად ცდილობს, თავის ძალებით, შეიძლება ბევრნი არ არიან, შეიძლება 5-6-10 კაცი იყოს, რომლებიც აგორებენ ინფორმაციას „ფეისბუქზე“, სხვადასხვა სოციალური ქსელებით, ტელევიზიებით, ახდენენ გულუბრყვილო მოსახლეობის მობილიზაციას. ვინც იქ მიდის და თავისი პატრიოტული გრძნობების რეალიზაციას ახდენს, მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ორი გზა რჩება: სტატუს-კვო, რაც რუსეთს არ აწყობს, საქართველო-აზერბაიჯანის მიერ ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა.
„სულ 4 გამოსავალია. დღევანდელი დღიდან გამომდინარე, მხოლოდ 2 შეიძლება იყოს რეალიზებადი. წარმოუდგენელია ერთი ვარიანტი, რომ დაკმაყოფილდეს საქართველოს პოზიცია, თხოვნა, რომ ეს ერთი კომპლექსია ,აქ ჩვენი წმინდანების სულია, ეს ჩვენთვის არა მარტო კულტურული, არამედ სულიერი მემკვიდრეობაცაა, ამიტომ თუ შეიძლება , შევთანხმდეთ და საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი უსამართლობა გამოვასწოროთ და რაღაცნაირად ეს ტერიტორია მოექცეს საქართველოს შემადგნელობაში. მე ეჭვი მეპარება , რომ დღეს აზერბაიჯანში არის საზოგადოებაში განწყობა, რომ ისინი ამისთვის მზად იყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვთ მათ ისევე მძიმედ, როგორც ჩვენ. ამ ფონზე კიდევ საუბარი იმაზე, რომ დავთმოთ მიწა , ძალიან არაპოპულარული იქნება საზოგადოებაში. მგონია, რომ ეს ვარიანტი ვერ გავა. მეორე კიდევ უფრო ვერ გავა, ის რომ ჩვენ დავუთმოთ, ვთქვათ – გვესმის, რომ უსამართლობა იყო საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ჩვენი კეთილმეზობლური დამოკიდებულებიდან გამომდინარე აჯობს, გავავლოთ სახელმწიფო საზღვარი, თქვენი იყოს ეს მიწა, ოღონდ ჩვენ გვქონდეს მისვლის საშუალება, არ აგვეკრძალოს, არ შეგვეზღუდოს. ესეც წარმოუდგენელია. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველო ამაზე წავიდეს.
რჩება ორი ვარიანტი: სტატუს-კვო ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო , აქ მუშაობს რუსეთი. რატომღაც გვგონია, რომ თუ საკითხი მოუგვარებელია, ეს ცუდია. ჩვენს შემთხვევაში ეს ერთერთი გამოსავალია. სწორედ აქ ჩანს რუსული კვალი, მას არ აწყობს სტატუს-კვო , ვიღაცები მუდმივად ამღვრევენ წყალს.
რაკი სტატუს-კვო ვერ ნარჩუნდება, მეოთხე ვარიანტია, ვთქვათ, რომ სახელმწიფო საზღვარი ვერ დგინდება, თუ მონასტრის საქმე არის პრობლემა, თუ მონასტერთან მისვლის პრობლემაა, ხან – ჩაკეტილი, ხან – გახსნილია, გზები არ ვარგა, უსაფრთხოება დაცული არაა, მოდით, მონასტერზე ვილაპარაკოთ მარტო. შევქმნათ საერთო ადმინისტრაცია, გამოვყოთ ბიუჯეტი სახელმწიფოდან, რომ მონასტერს ერთად მოვუაროთ. ერთობლივი მკვლევარები გვყავდეს, ტურისტების მისვლა-მოსვლა – ყველაფერი ეს განახორციელოს ერთობლივმა ადმინისტრაციულმა მიმართულებამ. ან სტატუს-კვო უნდა შევინარჩუნოთ, ან ვიმოძრაოთ ერთობლივი ადმინისტრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.  მისივე განცხადებით,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბაქოში ვიზიტისას საზღვრებთან დაკავშირებით შეფასებითი საუბრისგან თავი უნდა შეეკავებინა და ზოგადი საუბრით შემოფარგლულიყო, რომ  შეხვედრაზე საუბარი საზღვრების საკითხსაც შეეხო. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის მზადაა, დავით გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებში თავადაც ჩაერთოს, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სპეკულაციაა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები