ირაკლი კობახიძე: ლიეტუვას ინიციატივებზე კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველო უფრო აქტიურად იქნება ჩართული

„ლიეტუვას აქვს კონკრეტული ინიციატივები კიბერუსაფრთხოების სფეროში და, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ საკითხში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან, რაიმუნდას კარაბოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლიეტუვასა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და შეხვედრაზე სწორედ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე იმსჯელეს.
„ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ორმხრივი შეთანხმებები, ორმხრივი გეგმა, რომელის საფუძველზეც ხორციელდება თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში. არის ჩამოყალიბებული ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სპეციალურ ძალებს შორის. ჩვენ ძალიან რეგულარულად ვმონაწილეობთ წვრთნებში – ლიეტუვა საქართველოში განხორციელებულ წვრთნებში და საქართველო ლიეტუვაში განხორციელებულ წვრთნებში.
რა თქმა უნდა, თითოეული ასპექტი ჩვენი თანამშრომლობის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. ლიეტუვას აქვს კონკრეტული ინიციატივები კიბერუსაფრთხოების სფეროში და, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული. კიბერუსაფრთხოება არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებითაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი მიმართულება ჩვენთვის, რომელსაც სჭირდება გაძლიერება და ამ მიმართულებითაც ლიეტუვასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები