დავით ბაქრაძე დავით გარეჯზე: ყველამ უნდა ვიმუშაოთ კონსტრუქციულად და არა – მჯიღის ცემით, როგორც ეს პრეზიდენტმა გააკეთა
„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დავით გარეჯის პრობლემა ყველამ თავის შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოაგვაროს და არა ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.
“დავით გარეჯი არის პრობლემა, რომელიც სტკივა თითოეულ ადამიანს საქართველოში. ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშაოთ და წვლილი შევიტანოთ კონსტრუქციულად და ნორმალურად და არა – მჯიღის ცემით, ისე, როგორც გააკეთა ეს სალომე ზურაბიშვილმა და რითაც, რეალურად, დააზიანა და შექმნა დღევანდელი პრობლემა. რასაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. გამოსავალი ერთია: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული, ძმური ურთიერთობების გათვალისწინებით დავიწყოთ საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება და ამ გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმად არის ჩადებული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას შორის”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
მისივე განცხადებით, ის უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებებში ჩართვისთვის. ბაქრაძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა მიშვნელოვანია, ვინც დადებით როლს შეასრულებს ამ პროცესში.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და იყოს შუამავალი საქართველოსა და აზერბაიჯანელებს შორის.