გიორგი გახარია ფრანგ კოლეგას: მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისაწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
“დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში ჩემს კოლეგას – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის ის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას. ჩვენ, პირველ ყოვლისა, მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ ერთად. ეს გახლავთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემების გადაწყვეტა, გადაწყვეტის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და, რა თქმა, ასევე, უსაფრთხოების თემები“, – აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძალიან კარგი ბაზა აქვს.

„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ეს ბრძოლა გახადოს უფრო ეფექტური და ეს იმაში გამოიხატება, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს 2 ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში – განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს. განვიხილეთ ის მექანიზმები და ის ნაბიჯები, რომლებიც ქართულმა მხარემ უკვე გადადგა და ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევამციროთ საფრანგეთსა  და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. რა თქმა უნდა, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე.
მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება, ერთად და ეფექტურად დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
მადლობა, ბატონო მინისტრო და ეს ქვეყანა – საქართველო და თბილისი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისა და ეფექტური წინსვლისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები