შალვა თადუმაძე პარლამენტს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე 15 მაისამდე პარლამენტის დეპუტატებს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ პირველ ანგარიშს წარუდგენს.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, სადაც ანგარიშის წარდგენის პროცედურა არის განსაზღვრული, აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ასევე, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.
რეგლამენტში დაკონკრეტებულია, რომ ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეიცავს.
რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ, პარლამენტი უწყების საქმიანობას დადგენილებით შეაფასებს.
დადგენილებაში შეიძლება, მითითებული იყოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები