კამპანიის #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის -#მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინდივიდური პასუხისმგებლობის გაზრდა ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილია – “გაუფრთხილდი სიცოცხლეს „ხმა აიმაღლე”, მთავარი თემა კი არის ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რაც გულისხმობს გზებზე მსხვერპლის შემცირებას როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე – საზოგადოების გააქტიურებით.