მდინარაძე სამადაშვილზე: ახალი ამბავი არ ჰქონდათ, რომ ხელისუფლებისთვის რამე დაებრალებინათ, ამიტომ ორი თვის წინანდელი ამბავი განაახლეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა.
მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციას ახალი ამბავი არ ჰქონდა, რომ ხელისუფლებისთვის რამე დაებრალებინა, ამიტომ ორი თვის წინანდელი ამბავი განაახლა.
„ეტყობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დილით გაახსენდა, დღეს ისეთი ახალი ამბავი არ ჰქონდა, რომ ხელისუფლებისთვის რაიმე დაებრალებინა და ორი თვის წინანდელი ამბავი განაახლა. ნეგატიური ჩანაწერები რაც იყო, მთლიანი ტექსტის 3 პროცენტი გახლდათ, 97 პროცენტზე არავის ულაპარაკებია. სალომე სამადაშვილმა ახალი ამბავი გამოაცხო, რომ მორიგი დარტყმა ორი თვის წინანდელი ამბით მოეყენებინა, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურია. ვაპირებთ, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ მიზნით სპეციალური ფორმატი შეიქმნება და 2020 წლის არჩევნებამდე კანონმდებლობა გაცილებით დაიხვეწება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომლებიც ქვეყანას აშშ-მ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცეს.