„ჩვენ დასათმობი ტერიტორიები არ გვაქვს“ – ირაკლი შიხიაშვილი დავით გარეჯზე საუბრობს
“ჩვენ დასათმობი ტერიტორიები არ გვაქვს”, – ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„მინდა, ვუთხრა თითოეულ ქართველს, რომ ეს ჩვენთვის უბრალო ტერიტორია არ არის. ეს არის ჩვენთვის სულიერებისა და საწმუნოების აკვანი.
საზოგადოების აღშფოთება ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ჩემი „ფეისბუქგანცხადების“ შემდეგ 150-კაციანი ჯგუფი შევიკრიბეთ რიყეზე, მიზანი გვქონდა, ჩავსულიყავით, მხარდაჭერაც გამოგვეხატა ჩვენი მესაზღვრეებისა და ჩვენი მეზობლისთვისაც დაგვენახებინა, რომ საზოგადოება ძალიან აქტიური, მგრძნობიარეა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ ეს პროცესი იოლად ჩაიფარცხება, ვერ ჩაიფარცხება, ვერც დაიმალება. ასვეე გვინდოდა, ხელისფლებისთვისაც გვეთქვა, დროა ამ სირაქლემის პოზიდან გამოსვლის და დროა, დაიწყოს უფრო მეტად აქიტური მოქმედებები იმისათვის, რომ საზოგადოების რეალურ, ნამდვილ მოთხოვნებზე იყოს ადეკვატური და სწრაფი რეაგირება. ჩავედით დავით გარეჯში, მოვილოცეთ წმინდა ადგილები. შემდეგ ავედით იმ საზღვრის პირას, სადაც არის სადავო ტერიტორია. ზოგი ამბობს, დავუთმოთ რაღაც სხვა ტერიტორია და ამის სანაცვლოდ ამ ტერიტორიაზე იქნება შეგვიშვანო. ჩვენ დასათმობი ტერიტორიები არ გავქვს, სადაო ტერიტორიად რაც მიიჩნევა , ეს ვიღაცისთვის არის სადავო, თორემ ჩვენთვის სადავო არ არის. ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ეს ალბანური ძეგლია. თუ ალბანური ძეგლია, ქართველი მეფეები და წმინდანები რატომ არიან იმ სამონასტრო კომპლექსში გამოსახული?
თუ საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ამ ტერიტორიის დაცვა ფიზიკური ძალით მოგვიწიოს, უნდა ვიყოთ მზად სულიერად, მორალურად, ფიზიკურად იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დავიცვათ. თუ დაგვჭირდა, სიცოცხლის ფასად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა შიხიაშვილმა.