ჭიჭინაძე გვენეტაძეს: წელიწად-ნახევარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობა ხდება…

„წელიწად-ნახევარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობა ხდება თქვენს პერიოდში, უკვე ამას ატანა აღარ აქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, რომელიც დღეს პარლამენტის წევრებთან მოხსენებით წარსდგა.
გვენეტაძე პარლამენტში საბანკო რეგულაციებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხი გაიმართება. დეპუტატებმა კობა გვენეტაძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ჭიჭინაძის შეფასებით, საბანკო სფეროში საკმაოდ ცუდი მდგომარეობა არის, რაზეც პასუხისმგებლობა გვენეტაძეს აკისრია. „ვერ გავიგე, ეს კაცი აქ რატომ მოვიყვანეთ, რაც დაგროვდა, იმაზე გვინდა კითხვები. აქ, თურმე, მადლობები უნდა ვიხადოთ, რომ მოდიან. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მოდიან ეს მინისტრები, რას ეუბნებიან. ყოველდღე, მათი განცხადებების შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება. მე კონკრეტულად ამ ადამიანთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს დაგროვებული. აქ არ იძლევა ფორმატი იმის საშუალებას, კითხვა დასვა, პასუხი მოისმინო. მარტივად არის – ჩაივლიან და ჩაარიხრიხებენ ყველაფერს. მე მაინტერესებს, მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე – ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა, თუ არადა, მოვალ თქვენთან კაბინეტში. პირდაპირ გეუბნებით, იმ პრობლემებით, რომლებიც არსებობს და იმ ხალხთან ერთად, ბატონო კობა, მაგის ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ ამ კითხვებს, რაც დაგროვდა და იმ უსამართლობას, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს, გვერდი აუაროთ. აქ არ არის მარტო პოლიტიკური აქცენტები. წელიწად-ნახევარია, თუ რამდენი წელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობა ხდება თქვენს პერიოდში, უკვე ამას ატანა აღარ აქვს. მთელი სია არსებობს, ხალხი თქვენი მოსვლის შემდეგ უარეს დღეში ჩავარდა, ყოველდღე ყრიან და ყრიან. მარტო ეს პასუხები გაქვთ – “ეს ჩვენი საქმე არ არის, ორი სუბიექტის კერძო დავაა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები