ლევან იზორიამ ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე ისაუბრა
პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზეც გაამახვილა და რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა.
“წელს დავასრულებთ საერთო საჯარისო ცენტრის მშენებლობას, სადაც თითოეული გვარეობის მიხედვით ოფიცრები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ. ერთ თვეში საქართველო-საფრანგეთის კონტრაქტით გათვალისწინებული გარემონტებული სამხედრო ბაზა გვექნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და მის კეთილმოწყობას, სტოლტენბერგმა, პირად საუბარშიც მითხრა, თუ რა პროგრესს ხედავს აღნიშნულ ცენტრში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყება გორში ბინების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 180 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. ლევან იზორიამ ყურადღება, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებში მიმდინარე და დაზვერვის ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაამახვილა. მან სამხედრო ნაწილების სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის შეძენის შესახებაც ისაუბრა.