პარლამენტში ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით გახორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და, სხვა მიმართულებებთან ერთად, რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება. „როდესაც ვსაუბრობ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებზე, მხედველობაში მაქვს ქვეითი ბრიგადები. 2019 წლის 10 იანვარს, ჩვენ შევქმენით ახალი სტრუქტურა და უზრუნველვყავით მათი ერთიანი სტანდარტით საქმიანობა“, – განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეით ბრიგადებს განესაზღვრათ სამი ძირითადი მიმართულება – სამანევრო მიმართულება, მხარდამჭერი ელემენტები და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ლევან იზორიას თქმით, სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით ოთხივე ბრიგადის ქვეით ბატალიონებში ერთიანი სტრუქტურა შეიქმნა და ყველა ბრიგადაში თანაბრადაა წარმოდგენილი ჯავშანსატანკო ბატალიონები. „ეს ადრე ასე არ იყო. თანაბრად წარმოდგენა ნიშნავს ჯავშანსატანკო ბატალიონებში სატანკო და მექანიზირებული ასეულების თანაბრად ყოლას. ასევე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ასეულის დონის ტაქტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ სტანდარტიზაცია, არამედ სამხედრო მოქმედებების პრინციპიც უნდა იყოს სტანდარტიზებული და, ძირითადად, ასეულებზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ რეფორმას სიმბოლურად მცირე ქვედანაყოფებზე ორიენტირებული ტაქტიკა დავარქვით“. ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ ამ ასეულების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული აშშ-სთან ერთად დაწყებული ყველაზე ამბიციური „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP). „სწორედ GDRP-ის ფარგლებში გადავეცით აღნიშნულ დანაყოფებს მსუბუქი შეიარაღება და მათი სწავლებებიც მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამორჩეულნი იყვნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.