ლევან იზორია: თავდაცვის უწყება მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, სადაც თავდაცის უწყების მიერ გახორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე. „ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში, ასევე, დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ 2 კვირის წინ გვყავდა უმაღლესი დონის სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში – პედრო სერანო, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციას, მათ შორის, ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საქმეში. ეს, პირველ ყოვლისა, არის ჩვენი სამხედრო კონტრიბუცია როგორც ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვართ ერთი ოცეულით წარმოდგენილი, ასევე – მალიში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.